საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ, ვილფრედ მარტენსმა საქართველოს ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და  ამ მხრივ მიღწეული პროგრესი შეინარჩუნოს. მან კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები“ - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერებმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებმა.  
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












