საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ დღეს,
გერმანელი მრჩეველი არმინ დაუმილერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკს მედალი თავდაცვის სამინისტროსთვის გაწეული სამსახურისთვის გადაეცა. გერმანელი მრჩევლის გაცილების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა.
არმინ დაუმილერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2011 წლიდან მუშაობს. გერმანელი მრჩევლის თქმით, მიუხედავად იმისა რომ პროექტი დასრულდა, გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის უწყებასთან კონსულტაციების ფორმატში გააგრძელებს მუშაობას.
გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო მრჩევლის მოვლინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2003 წლიდან, ორწლიანი როტაციის პრინციპის საფუძველზე ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა გერმანული მხარის დახმარებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე, პირადი შემადგენლობის მართვის საკითხებში.

















