ერეკლე მეორის საზოგადოების თავჯდომარე არჩილ ჭყოიძის თქმით, ბელორუსიის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს მიერ გაკეთებული განცხადებები, საქართველოს დსთ-ს სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით,
სათანადოდ უნდა გამოიყენოს როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისე ქართველმა ხალხმა.
„ბელორუსიის პრეზიდენტი, თავის საჯარო გამოსვლებში უკვე მეორედ შეეხო საქართველოს დსთ-ის სივრცეში დაბრუნების საკითხს. საქართველო დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა ყველა კარგად ხედავს ნგრევის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ ქართული საზოგადოების ნაწილში დათესა არა მხოლოდ სიძულვილი, არამედ შიშიც დსთ-სა და რუსეთის მიმართ, დღეს საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებსა თუ ექსპერტებს არ უნდა შეეშინდეთ და არ უნდა დაეზაროთ მოსახლეობას აუხსნან რეალური მდგომარეობა. დსთ არ არის მხოლოდ რუსეთი“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერეკლე მეორის საზოგადოება მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად, დსთ-ში ქვეყნის დაბრუნების ჩათვლით.
„ლუკაშენკომ შეძლო ურთულეს პირობებში შეენარჩუნა თავის ქვეყანაში, როგორც სტაბილურობა, ისე ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს ყველაფერი გვავალებს სერიოზულად ჩავუფიქრდეთ არსებულ მდგომარეობას და ლუკაშენკოს მიერ შემოთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით სათანადო დასკვნები გავაკეთოთ“-აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

















