ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა. ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის შეხვედრის პირველი ნაწილი შედგა, თუმცა, მეორე ნაწილი დატოვეს მონაწილეებმა რუსეთიდან, ასევე სოხუმიდან და ცხინვალიდან.
”ამდენად, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, დაგვეყენებინა ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც განრიგით გვქონდა გათვალისწინებული. კერძოდ, მათ შორის ახალგორისთვის გაზის მიწოდების საკითხი, წყალმომარაგების პროექტები, დევნილთა დაბრუნებისა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების თემები. თუმცა, მონაწილეებმა რუსეთიდან, ასევე სოხუმიდან და ცხინვალიდან შეხვედრა ისე დატოვეს, რომ მათგან ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. სამწუხაროდ, მათ ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას ასევე კონსტრუქციული მიდგომით არ უპასუხეს” - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო - 23-ე რაუნდი 26-27 მარტისთვის დაინიშნა.

















