იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დღეს,
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს - ტომას მელიას და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გაცნობითი სახის შეხვედრა საქმიანი სადილის ფორმატში წარიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორციაა - სამართლიანი სასამართლებრივი გარემოს შექმნა და ამ კუთხით განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ასევე მთავარი პროკურატურის რეფორმა და მისი ადგილი იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, სისხლის სამართლის სფეროს ლიბერალიზაციის აუცილებლობა, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გამჭვირვალობის ზრდის ხელშესაწყობად დაგეგმილი ღონისძიებები.
წულუკიანის განცხადებით, საუბარი რელიგიური თავისუფლების საკითხებსაც შეეხო.
"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში რელიგიის თავისუფლების თემაზეც, იმაზე, თუ როგორ წარმატებით წყვეტს სახელმწიფო რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას, რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა პრობლემისადმი, რასაც ჰქვია სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება" – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა.
მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი.

















