სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, საქართველოში ირანის ელჩ მაჯიდ სამადზადე საბერისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
”ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მკაფიოდ და ცალსახად უჭერდა მხარს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, დასავლური სამყაროს, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ხმა გვესმის. ირანის მხარდაჭერა არანაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს სახელმწიფო არის ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. ამდენად, როცა ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ასე მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე არ არის მხოლოდ დასავლეთი და ეს არის მთელი მსოფლიოს დამოკიდებულება” - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედარის შემდეგ.
მისივე თქმით, ირანი დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და უსაფრთხოების გარანტიებით და ამ ფონზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებით.

















