საფრანგეთში ვიზიტის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფრანგული გამოცემებისა და ტელეარხების ჟურნალისტებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სხვადასხვა მედიასაშუალების საერთაშორისო მიმომხილველებს ესაუბრა.
მინისტრისა და ფრანგული მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. თეა წულუკიანის განცხადების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისკენ სწრაფვის კურსს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მინისტრი შეეხო ბოლო დროს, საქართველოში განხორციელებულ დაკავებებსაც და აღნიშნა, რომ არცერთი ადამიანი არასდროს იქნება დაკავებული საქართველოში, თუკი სამართალდამცავებს მისი დაკავებისთვის საჭირო მყარი მტკიცებულებები არ ექნებათ.
იუსტიციის მინისტრი პარიზში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერეციას დაესწრო.

















