"სახალხო კრებისა" და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის სრულ ვიდეოჩანაწერს ბიზნესმენის ადმინისტრაცია არ გამოაქვეყნებს.
როგორც კოლიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "ნიუსპრესს" განუცხადა, ადმინისტრაციამ შეხვედრის ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საჭიროდ ჩათვალა.
რაც შეეხება "სახალხო კრების" წარმომადგენლის ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნას, სრული ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკაშირებით, ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია.
"ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც საჭიროდ ჩავთვალეთ. არამგონია სამ საათიან შეხვედრას ვინმემ უყუროს. დაპირებისამებრ, დღეს "სახალხო კრება" შეხვედრის სრულ ჩანაწერს მიიღებს. საშუალება ექნებათ თვითონ გამოაქვეყნონ მათთვის სასურველი კადრები და განცხადებები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ორი დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ივანიშვილის გვერდზე ბიზნესმენთან "სახალხო კრების" და "ქართულ აკადემიის" წარმომადგენლების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დაიდო. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებულ ნაწილში ბიზნესმენი გასული წლის 26 მაისს განვითრებულ მოვლენებზე საუბრობს. ასევე, ნინო ბურჯანაძის მისამართით აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც.
"სახალხო კრების" წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა შეხვედრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა.

















