ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ,
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო. მისი თქმით, მეტი კომუნიკაციისა და ღია ურთიერთობებისთვის მინისტრი და მოადგილეები დევნილ მოსალხეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილი მოსახლეობის მხრიდან შენობების თვითნებურად დაკავება და რაპატრიაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები ცენტრის პრობლემები.
აშშ-ს ელჩთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი და აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს წარმომადგენელი ჯოშუა ფიშერი, ხოლო სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია.

















