საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან აღარ მოხდება.
ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზვიად ძიძიგურია. მისი თქმით, ცვლილება შედის არა მარტო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, არამედ „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშიც.
პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის დაფინანსების ვალდებულებისგან თვითმმართველი ერთეულების გათავისუფლებას, საპარლამენტო უმცირესობაც მხარს უჭერს.
ამასთან, უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პროექტში მითითებული უნდა იყოს, თუ საიდან მოხდება ბიუროს დაფინანსება.

















