ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, წერეთელი გამოსვლაში შეეხო ორგანიზაციის მუშაობის უფრო ეფექტური წარმოების, მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებს და შესაბამისი მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობას.
მანვე მადლიერება გამოხატა საპარლამენტო არჩევნების პროცესში ეუთოს ჩართულობისა და აქტიური სადამკვირვლებლო მისიის ორგანიზებისათვის. ამავე დროს აღნიშნა, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს და ახალი ხელისუფლება ხელს უწყობდეს მშვიდობიან თანაცხოვრებას და იცავდეს კანონის უზენაესობას. მან მიმართა ასამბლეის ხელმძღვანელობას, რომ აქტიურად ჩაერთოს პოსტსაარჩევნო პროცესის მონიტორინგში და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობითვე, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯოაო სოარესმა მზადყოფნა გამოხატა, უახლოეს პერიოდში მისიასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდეს და ადგილზე შეისწავლოს ვითარება.

















