"სახალხო კრების" წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერის მხოლოდ "სახალხო კრებისთვის" გადაცემაში აზრს ვერ ხედავს.
ამის შესახებ გაფრინდაშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა.
"მოვითხოვთ ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნებას. ჩვენი საუბრის ნაწილის ჩვენთვის გადმოცემას რა აზრი აქვს?! უკვე გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით, შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს მხოლოდ ბატონი ბიძინა საუბრობს, არადა, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით"- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნახოს შეხვედრის სრული ჩანაწერი და არა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ივანიშვილი საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, "სახალხო კრებას" შეხვედრის ჩანაწერის იმ ნაწილს მიაწვდიან, რომელშიც ასახულია "სახალხო კრების" წარმომადგენელთა პოზიციები. სამდივნო აქვე განმარტავს, რომ "სახალხო კრება" უფლებამოსილია ჩანაწერი მისი სურვილისამებრ გამოიყენოს.
ორი დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ივანიშვილის გვერდზე ბიზნესმენთან "სახალხო კრების" და "ქართულ აკადემიის" წარმომადგენლების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დაიდო. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებულ ნაწილში ბიზნესმენი გასული წლის 26 მაისს განვითრებულ მოვლენებზე საუბრობს. ასევე, ნინო ბურჯანაძის მისამართით აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც.

















