საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ბოლო პერიოდში, რელიგიური ნიშნით მომხდარი დაპირისპირებების გამო, პრემიერი ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„სრულიად შემაშფოთებელია ის ვითარება, რომელიც ამ ბოლო დროს შეიმჩნევა საქართველოს ზოგიერთ რაიონში – ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩვენი მართლმადიდებელი და მუსლიმანი თანამოქალაქეები.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ასეთი დაპირისპირება სრულიად უცხოა ჩვენი ხალხისათვის. ეს არ არის ქართული მოვლენა. საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელ ქრისტიანებთან სრულიად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ისტორიას არ ახსოვს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების თუნდაც ერთი შემთხვევაც კი.
სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, ამ ბოლო დროს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ თითოეულ კანონდარღვევას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოდ მონაწილეობს ამ სამარცხვინო დაპირისპირებაში“ - აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერი მოუწოდებს როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმან მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, რომლისთვისაც ასეთი დაპირისპირება სრულიად უცხოა და პროვოკაციებს ნუ აყვებიან.
„როგორც ამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ“ - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

















