პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგების შესახებ, თბილისელების მოსყიდვის მცდელობად აფასებს.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის კორუმპირებულმა მერმა, საკუთარი „ტყავის“ გადასარჩენად უკვე დაუფარავად დაიწყო თბილისის მოსახლეობის მოსყიდვა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 100 ლარს ხელზე დაურიგებს, ხოლო დარჩენილ 150 -ს კომუნალურ გადასახადებზე დაურიცხავს და დანარჩენ თბილისელებსაც 100 ლარიანი ვაუჩერით „გაახარებს“.
ამასთან ერთად, მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ საბავშვო ბაღებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, მუსიკალურ სკოლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამანები.
გასაგებია, რომ „თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი, თბილისელების ინტერესების დაცვისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებესების“ მცდელობისაკენ მას შემდეგ გადაიხარა, რაც საფინანსო ორგანოებმა უგულავას სამსახურების საქმიანობის შესწავლა სერიოზულად დაიწყეს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნების“ ორჭოფულმა, გაურკვეველმა პოზიციამ კომუნალური გადასახადების დაწევის საქმეში მანევრირების საშუალებას მისცა კორუმპირებულ უგულავას“ - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ იქნას შემცირებული ”ქართული ოცნების“ მიერ შეპირებული ტარიფი დენისა და გაზის მოხმარებაზე, ასევე განცალკევებულ იქნას დენისა და დასუფთავების გადასახადი, რაც მათი თქმით, „ნაცმოძრაობას“ მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით მანევრირების საშუალებას აღარ მისცემს.

















