პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო.
გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის 8 მაისს საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ გაუქმდა, კომიტეტმა წინასწარი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან გამართა.
ამავე მიზნით, კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესი დეკემბრის თვეში დასრულდება, ხოლო იანვრიდან ჯგუფი კანონპროექტის ტექსტზე მუშაობას დაიწყებს.
პროცესის ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარდაჭერას, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი განახორციელებს. კანონპროექტის ტექსტზე მუშაობას და სამართლებრივ საქმიანობას კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატი უზრუნველყოფს.

















