პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ,
2012 წლის 5 დეკემბერს მიღებული დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
„მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მზაკვრული მცდელობებისა, რომ როგორმე მომხდარიყო პროცესის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტოკომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონი ეკა ბესელიას, ცალკეული დეპუტატების, უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და ცალკეული უფლებადამცველების მიერ დაკავებულმა უკომპრომისო, ღირსეულმა და სამართლიანმა პოზიციამ, მათ მიერ გაწეულმა უდიდესმა შრომამ და საზოგადოების ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, სასურველი შედეგი გამოიღო.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ სიებთან დაკავშირებით, მთელი ამ ხნის მანძილზე, არცერთ ადამიანს შეკითხვები არ გასჩენია, თუმცა ჩვენ არასოდეს გაგვირჩევია ერთმანეთისაგან „ჩვენი“ და „სხვისი“ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანები“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია შეწყდეს პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში დაამტკიცებს ამინისტიის კანონპროექტს და მასში შეტანილ შესაბამის ცვლილებებს, რაც ამ ადამიანების პოლიტიკური დევნის დასრულების რეალურ მექანიზმს შექმნის.
„ასევე მივესალმებით ადამიანის უფლებათა კომიტეტთან არსებული კომისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შემდგომ ეტაპად,აუცილებლად განიხილავს იმ ადამიანებისპოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხს,რომელთაც ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის საფუძველზე უკვე მოიხადეს სასჯელი“ - აცხადებენ პარტიაში.

















