პარტია „თავისუფალი საქართველო,“ უნარშეზღუდული ბავშვების სოციალური პირობების ახალ წლამდე გამოსწორებას მოითხოვს. 
ამის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„წინა ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც ადამიანი, მხოლოდ ხორცის ნაფლეთს წარმოადგენდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათ შორის ყველაზე სათუთი, ინვალიდი ბავშვებისა და მათი გამწარებული მშობლების გულისშემძვრელი პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, რომელთა რაოდენობა საქართველოში 6500 აღწევს , მათ შორის თბილისში მათი რიცხვი 1905-ია.
დღეს, როდესაც სადისტური ხელისუფლება აღარ მართავს ქვეყანას, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მზრუნველი მშობლები - ინვალიდი ბავშვებისათვის” და ”თავისუფალი საქართველო” ხელისუფლების ყურადღებას მიაპყრობს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნარშეზღუდული ბავშვებისათვის (18 წლამდე), საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, იანვრიდან პენსიის 300 ლარის ოდენობით დაუყონებლივი დანიშვნის აუცილებლობაზე, რათა სასწრაფოდ, უკვე ახალი წლიდან ბავშვებს მიეწოდოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები, ხოლო მშობლებს მომვლელის ნაწილობრივი დახმარება და არა 10 თვის შემდეგ, როგორც ეს ბიუჯეტის პროექტით არის განსაზღვრული“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტია ბიძინა ივანიშვილს და ფინანსთა მინისტრს  ნოდარ ხადურს მიმართავს.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












