„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომელიც საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმას მსოფლიოს  176 ქვეყანაში ზომავს, 
საქართველო 51-ე ადგილს იკავებს.  2012 წლის კვლევაში, საქართველომ 100-ქულიან შკალაზე 52 ქულა მიიღო (შკალაში 0 ძალზე კორუმპირებულ, ხოლო 100 - ძალზე სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს).
„საერთაშორისო გამვირვალობის“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს დანიაში, ფინეთში, ახალ ზელანდიაში, შვედეთსა და სინგაპურში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში მიანმარი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით იქნა შედგენილი, რაც წლევანდელი მაჩვენებლების წინა წლების მონაცემებთან შედარების საშუალებას არ იძლევა. საქართველო რეიტინგში 51-ე ადგილს იყოფს სეიშელის კუნძულებთან, თუმცა უსწრებს ამ რეიტინგში ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს, და ოდანვ ჩამორჩება რუანდას, ლიტვას, კოსტა-რიკასა და უნგრეთს.
„საქართველომ 2004 წლის შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლის მხრივ. წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად გაუჩინარდა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებიდან. ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობა და გაიზარდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა მთელ რიგ სფეროებში. ამის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითებს შორისაა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, და ეფექტიანი მომსახურება, რომელსაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლები უწევენ. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვების ინოვაციური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული მმართველობის მექანიზმების შემოღება.  
ამავე დროს, 2004-2012 წლებში კვლავაც აღინიშნებოდა სერიოზული ნაკლოვანებები ქვეყნის ანტიკორუფციულ სისტემაში. პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტემ შეარყია ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების დემოკრატიული სისტემა და აღმასრულებელი შტოს დომინირება გამოიწვია. რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყება, მათ შორის პროკურატურა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, არასაკმარისად დამოუკიდებელი იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები სათანადო ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გარეშე მუშაობდნენ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიდა. ზოგიერთ ინსტიტუტს, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმებისთვის გვერდის ავლის საშუალება ჰქონდა. სახელმწიფოს მართვის დაუბალანსებელმა სისტემამ სახელმწიფო სამსახურების უკიდურესი პოლიტიზირება გამოიწვია, რის აშკარა მაგალითებს ხშირად ვხვდებოდით განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციაში.
ამასთანავე, აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












