სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. 
ამის შესახებ  დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, ცვლილება, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, განპირობებულია საქართველოს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს კონსტიტუციური ფუნქციის განმტკიცების აუცილებლობით.
 „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის, ასევე თანამდებობის პირთა დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივა საქართველოს მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება  ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების  ფუნქციების სრულფასოვანი შესრულება“ - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. 
აღნიშნულ ცვლილებას უმცირესობა არ დაეთანხმა, თუმცა კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












