თბილისს დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა                            
    
													                            
                                12:50 03.12.2012                            
                        
                
                    
                             
თბილისს  დღეს,  აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე  სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში,  ბეი ფენგი ეწვევა.   
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე  სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა. 
ბეი ფენგი საქართველოში სტუდენტებს შეხვდება, ეწვევა ამერიკულ კუთხეებს, შეხვდება ასევე აშშ–ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აშშ–ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის მონაწილეებს.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ფენგს ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის 11–წლიანი გამოცდილება აქვს. სახელმწიფო სამსახურში შესვლამდე ის „ჩიკაგო ტრიბუნში“ დიპლომატიურ საქმეთა კორესპონდენტად მუშაობდა. უფრო ადრე ბეი ფენგი ჟურნალისათვის U.S. News and World Report ავღანეთისა (2001–02) და ერაყის (2003–04) ომებს აშუქებდა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჟურნალისტური კარიერა U.S. News and World Report–ის პეკინის ბიუროს ხელმძღვანელის რანგში დაიწყო. 1999 წელს მან რობერტ კენედის სახელობის ჯილდო მიიღო სტატიისათვის „ჩინეთის მოტაცებული ცოლები“.
ქალბატონმა ფენგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის რანგში სამხრეთ ავღანეთში ერთი წელი (2009–2010) გაატარა. მას კომუნიკაციების უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. გასულ წელს ბეი ფენგი, მიწვეული პროფესორის რანგში ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა და ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტების გაშუქების შესახებ კითხულობდა ლექციებს.