საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე, პოლიტპატიმართა სიაში გია გორელაშვილის ჩასმას ითხოვს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ ვიცე-პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წინააღმდეგ შეთხზულ საქმეში, ისეთი ადამიანები ფიგურირებენ რომლებიც ხელოვნურად იყვნენ დაკავშირებული და ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას პატიმრის ოჯახმა გია გორელაშვილის პოლიტპატიმართა სიაში დამატების თხოვნით მიმართა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტმა დადგენილება მომავალ კვირაში უნდა მიიღოს.
"ხელისუფლებას რატომღაც სჭირდებოდა საქართველოში აღმოეჩინა ერთი ფართო ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. გია გორელაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არასოდეს ყოფილა. იგი ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში ირიცხებოდა სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სწავლობდნენ. ალბათ ამიტომ დასჭირდათ გორელაშვილის ამ საქმეზე მიწებება“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
გია გორელაშვილს სხვა ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით 6 წელი აქვს მისჯილი. დეპუტატის განცხადებით, აღიარებით ჩვენებას გორელაშვილმა ხელი მხოლოდ ძალოვანების მხრიდან მუქარის და დაშინების გამო მოაწერა. მისივე თქმით ძალოვნები მას ქალიშვილის შეურაცხყოფით ემუქრებოდნენ.
"ამ ადამიანს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის ქვეყნის წინაშე. იგი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იქნას გათავისუფლებული საპატიმროდან. ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით შეთხზული საქმეების გამო ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

















