საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პალერმოს მერს ლეოლუკა ორლანდოს, რომელიც საქართველოს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში სტუმრობს, ყვარელში უმასპინძლა. 
პრეზიდენტმა მას ყვარლის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და ის მომსახურება გააცნო, რომლის მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს აქ ეძლევათ. 
„ლეოლუკა ორლანდო არის პალერმოს ლეგენდარული მერი - კაცი, რომელმაც იტალიაში შეცვალა ვითარება და არის კორუფციასთან და მაფიასთან ბრძოლის სიმბოლო. იგი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, 90-იანი წლებიდან. როდესაც შევარდნაძის  მთავრობიდან ოპოზიციაში გადავედი, ის საქართველოში ჩამოვიდა და ჩემს საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ახლა, როგორც არასდროს, ისევ აქტუალური გახდა დანაშაულთან ბრძოლა - სამწუხაროდ, საქართველოში დანაშაულისა და კორუფციის დონე მკვეთრად იზრდება. ევროკავშირის მონაცემებით, ჩვენ ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვიყავით. ვერავინ ვერ თქვა, რომ ჩემი მთავრობიდან ვინმემ სახლში წაიღო რამე ან საკუთარი სახლები და ვილები აიშენა, რადგან იმის დამტკიცება, რაც არ მომხდარა, შეუძლებელია. არის ხალხი, რომელსაც არ ესმოდა, რატომ არ ვაკეთებდით მთავრობაში ფულს. მათ მიაჩნდათ, რომ კარგ ადგილებს ვაფუჭებდით. პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანებს ტყუილად ერჩიან, პრობლემა ისაა, რომ ახლა ასეთი ხალხი თანამდებობებზე ინიშნება. მართალია, ყველგან არის გამონაკლისი, მაგრამ, მთლიანობაში, ჩემი მთავრობა ძალიან სუფთა იყო. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ამას ისიც მალე დაინახავს, ვისაც ამის დანახვა არ სურს, რადგან ბიუჯეტი, თითქმის, 11-ჯერ გაიზარდა, ამდენი შენობა აშენდა და  ასეთი გზები დაიგო.  ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და სამართალი აუცილებლად იზეიმებს. საბოლოოდ, არაფერი არ დაიმალება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. იტალიელ სტუმარს პრეზიდენტმა საკუთარ კარ-მიდამოში ქართული ტრადიციით დაწურული ღვინო დააჭაშნიკებინა და თონეში გამომცხვარი ქართული პურიც დააგემოვნებინა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












