ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი შეეხო  აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოს თავდაცვის სფეროში გასატარებელ რეფორმებსა და ქართული კონტინგენტის კონტრიბუციას ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. 
სამინისტროს ინფორმაციითვე, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკა საქართველოს თავდაცვის სტრუქტურას ექვსი მიმართულებით უწევს დახმარებას, რაც პირველ რიგში საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას, ასევე, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის.
 
ერიკ რუბინთან შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტზე.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად და მზად არის კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












