თბილისის საკრებულოში კიდევ ერთი ახალი ფრაქცია- „ქართული ოცნება – თბილისელები” შეიქმნა.
ახალი ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულის დეპუტატი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” წევრი გულიკო ზუმბაძეა, ხოლო წევრები – „საქართველოს გზის“ წარმომადგენელი ნათელა მაჭავარიანი და დეპუტატი „ხალხის პარტიიდან” კახაბერ ფირუაშვილი არიან.
თბილისის საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ახალ ფრაქციას უკვე შერჩეული აქვს საკითხებიც, რომლებზეც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს. ფრაქციის მიზნები, ძირითადად, თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელი სტრუქტურების საქმიანობის განჭვირვალობას და თბილისელების წინაშე ანგარიშვალდებულებას უკავშირდება.
ფრაქციის მდივნის, კახაბერ ფირუაშვილის განცხადებით, ფრაქციის წევრები საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რათა დედაქალაქის მოსახლეობას ცხოვრების არსებული პირობები გაუუმჯობესონ.
გულიკო ზუმბაძემ თბილისის საკრებულოში "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელი ჩაანაცვლა, რომელიც 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, პარლამენტის წევრი გახდა.
 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












