საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.  
შეხვედრას, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერიკ რუბინმა და თეა წულუკიანმა განაცხადეს, რომ საუბარი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განვითარებულ  პროცესებს და სამომავლო გეგემებს შეეხო.
 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი კოლეგების მზაობა, დაგვეხმარონ იმ ამოცანების განხორციელებაში, რასაც სამოვალოდ ვგეგმავთ“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო შეინარჩუნებს გამჭვირვალობის პოლიტიკას, საქართველოში აკრედიტებული მისიებისა და საელჩოების მიმართ.  „პირველ რიგში, ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტს ეხება“ - აღნიშნა წულუკიანმა.
ერიკ რუბინის განცხადებით იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, ამერიკული მხარისათვის ინფორმაციული და პროდუქტიული იყო. „ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმირების პროცესის გამჭვირვალობა. აშშ გააგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერას ამ ამოცანების განხორციელების კუთხით“ - განაცხადა ერიკ რუბინმა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












