„მწვანეთა პარტია“ მიმდინარე წლის 20 მარტს მიღებული კანონის შეჩერებას ითხოვს, რომლის თანახმადაც, თუ მეწარმე მთავრობასთან გააფორმებს შეთანხმებას და გადაიხდის განსაზღვრულ თანხას,
მან გარემოს რა ზიანიც არ უნდა მიაყენოს, ნებისმიერი ქმედება ჩაითვლება კანონიერად და მეწარმეს არ დაეკისრება არც სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, არც ჯარიმა.
 „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ გენერალური მდივნის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს და ამასთან, იგი დამნაშავეს ათავისუფლებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 100–მდე სხვადასხვა მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისგან.  
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  გიორგი გაჩეჩილაძემ „საკონსტიტუციო სასამართლოში“ 2012 წლის 4 აპრილს სარჩელი შეიტანა, რომლითაც „მწვანეთა პარტია“ ითხოვს,  2012 წლის 20 მარტის კანონი აღიარებულ იქნას არაკონსტიტუციურად და შეჩერდეს მისი მოქმედება. დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მწვანეთა პარტიის“ ეკოლოგიური სარჩელის განხილვას იწყებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












