პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით ამნისტიის კანონპროექტის შემუშავება ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში გატარებული პოლიტიკის მიერ გამოწვეულმა პენიტენციური სისტემის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა განაპირობა. მისივე თქმით, სასჯელარსრულების დაწესებულებაში რამდენჯერმე გაიზარდა თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეთა რიცხვი, რამაც საქართველო პატიმართა რაოდენობის მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ აქცია. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ეს ტენდენცია არ შეესაბამება ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
კანონპროექტის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლდებიან გარკვეული კატეგორიის პატიმრები და მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის, ასევე გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისთვის, თუ დანაშაულს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ მოჰყოლია. სასჯელი გაუნახევრდებათ პირველად ნასამართლევ არასრულწლოვნებსა და ქალებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლებით მსჯავრდებულ პირებს.
ეკა ბესელიას განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებულმა არაადამიანურმა და ღირსების შემლახავმა მოპყრობამ სერიოზული ზიანი მიაყენა პატიმართა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მას მიაჩნია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით 2012 წლის 6 ნოემბრამდე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრედბულებს სასჯელის დარჩენილი ვადა ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, მთავარი პროკურორის წარმომადგენლები "ამნისტიის შესახე“ კანონპროექტს პრინციპების დონეზე ეთანხმებიან, თუმცა ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ, რომელთაც კომიტეტი მუხლობრივად, მეორე მოსმენით განხილვისას მიიღებს მხედველობაში და პროექტში ასახავს.

















