„მწვანეთა პარტია“ მიმდინარე წლის 20 მარტს მიღებული კანონის შეჩერებას ითხოვს, რომლის თანახმადაც, თუ მეწარმე მთავრობასთან გააფორმებს შეთანხმებას და გადაიხდის განსაზღვრულ თანხას, 
მან გარემოს რა ზიანიც არ უნდა მიაყენოს, ნებისმიერი ქმედება ჩაითვლება კანონიერად და მეწარმეს არ დაეკისრება არც სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, არც ჯარიმა.
 ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ გენერალურმა მდივანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს და ამასთან, იგი დამნაშავეს ათავისუფლებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 100–მდე სხვადასხვა მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისგან.  
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  გიორგი გაჩეჩილაძემ „საკონსტიტუციო სასამართლოში“ 2012 წლის 4 აპრილს სარჩელი შეიტანა, რომლითაც „მწვანეთა პარტია“ ითხოვს,  2012 წლის 20 მარტის კანონი აღიარებულ იქნას არაკონსტიტუციურად და შეჩერდეს მისი მოქმედება. ხვალ, 28 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მწვანეთა პარტიის“ ეკოლოგიური სარჩელის განხილვას იწყებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












