"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ,
შესაძლოა, ოპოზიციის ერთიან ბრძოლას ხელი შეუშალოს.
როგორც დღეს ბურჯანაძემ განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა.
"არავის არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციის მონოპოლიზების პრეტენზია. ამის სამწუხარო პრეცედენტი ხელისუფლების მხრიდან უკვე გაქვს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ ადგილზე უნდა იდგეს პოლიტიკაში, ხალხი იღებს და არა რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა.
"შეიძლება ბიზნესში მისაღები იყოს წესი, როდესაც ბიზნესმენი რაიმე კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს ან კომპანიას ტოვებს და შემდეგ იქ მომუშავე ადამიანების ბედი არ აწუხებს. პოლიტიკაში კი, ეს ასე არ ხდება. მე უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაქვს "დემოკრატიული მოძრაობის" 30 000-მდე მხარდამჭერის და იმ ხალხის წინაშე, ვინც ჩემთან ერთად დგას", - აცხადებს ბურჯანაძე.
იგი განმარტავს, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" და "სახალხო კრება" შეკრული გუნდია, რომელიც ხელისფლების დამარცხებას კონსტიტუციური გზით ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურაჯანაძე გუშინ, "სახალხო კრებისა" და "ქართული აკადემიის" წევრებთან შეხვედრაზე ახსენა.
"ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს და კონკრეტულ სიტუაციაში პრიორიტეტები გააკეთოს. არ უნდა დარჩე მხოლოდ პატარა ბავშვივით - "ჩემი" და "მე". აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს - არ არის აუცილებელი მონაწილეობა მიიღო საქმეში, როცა ამით კი არ ეხმარები, არამედ აზიანებ მას", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

















