ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში  გაემგზავრა. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან, თავდაცვის მინისტრ ურმას რეინსალუსთან, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან მარკო მიჰკელსონსა და ტაავი როივასთან, ასევე საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელ ანდრეს ჰერკელთან.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ალექსი პეტრიაშვილისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი  პრესკონფერენცია. დაგეგმილია ასევე  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრენინგების ცენტრის მონახულება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












