საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს განსაცდელშია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული საღვთო ლიტურღიის შემდეგ განაცხადა.
„წმინდა გიორგი არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ბოროტი საბოლოო ჯამში ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. უნდა ვთქვა, რომ ამის სიმბოლო თავად ეს ტაძარია, რომელიც ასწლეულების განმავლობაში დამპყრობლებმა მიწასთან გაასწორეს. ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა მის აღდგენასაც.
საქართველოში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გაძლიერდა ინსტიქტები, რომ ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარე შენების შემდეგ ნგრევა უნდა დაიწყოს და ისევ განადგურება მოხდეს - ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი ამას არ დაუშვებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ქართველ ხალხთან იყო მშვიდობის დროსაც, ომის დროსაც, აღმშენებლობის დროსაც და გაჭირვების დროსაც. „მე ჩემს ხალხს არც განსაცდელში არ მივატოვებ, ჩვენ გადავლახავთ პრობლემებს და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე“ - დასძინა სააკაშვილმა.

















