"პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან" დაკავშირებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ.
პარლამენტში ორ საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლნენ.
"ნიდერლანდების ინსტიტუტი – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ისინი კანონზე მუშაობის გაგრძელებას დაელოდებიან.
"ჩვენ გვჭირდება დაზუსტებები, კვალიფიკაციები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენს ორგანიზაციას შეეხება. გვაინტერესებს ამ კანონთან დაკავშირებით განმარტებები.იმედია სამუშაო შეხვედრა ისევ გაიმართება, რის შემდეგაც ჩვენი პოზიციები დაზუსტდება" , – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
პარლამენტში იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიებთან ურთიერთობა წარმოადგენს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი,მისი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი შეხვდნენ.
ბაქრაძის განცხადებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.

















