საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებულ  პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ და დევნილ პირთა სიასთან დაკავშირებით, 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პროტესტს გამოთქვამს. მისი თქმით ამ სიაში მოხვდნენ ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად.
„მაშინ როცა, ხდება ადამიანების დაკავება გამოძიებისა და ყოველგვარი მტკიცებულებების სერიოზულად შესწავლის გარეშე, პარლამენტში ამ დროს განიხილება ეგრეთწოდებული პოლიტიკური პატიმრების სიის საკითხი. ყველაფერს რომ თავი დავანებნოთ, მე არ მესმის ასეთ ხმამაღალ ტერმინს საპარლამენტო უმრავლესობა რა ტესტით იყენებს, მაგრამ განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამ ჯგუფში პოტენციურად მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობისთვის, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ამ ჯგუფში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობით იყვნენ დაკავებულნი და ამ ჯგუფში მოიაზრებიან ადამიანები, ვინც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იარაღით ხელში აჯანყდა. მინდა ვუთხრა ახალ მთავრობას, რომ ეს არ არის პარტიული საკითხი ან სააკაშვილის ან ვინმეს ინტერესი. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების და მათ შორის ამ მთავრობის უსაფრთხოების საკითხი “ - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ამ სიაში მოიაზრებიან აგრეთვე ადამიანები, ვინც ქვეყანაში უმცირესობის მიმართ სიძულვილის მქადაგებლები არიან, რომლებიც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში შევარდნენ,  მანამ კი ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ იძალადეს.
„ეს ხალხი ცნობილია თავისი დეკლარირებული სიძულვილით იმის მიმართ რაც არ მოსწონთ. ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ არიან სხვა ჯგუფებიც, ვინც ხშირად ასეთივე სიძულვილს აფრქვევს. ასეთი ადამიანების გამოცხადება პოლიტპატიმრებად, აგზავნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის ძალიან სახიფათო სიგნალს მთელ მსოფლიოში“ - მიიჩნევს ბოკერია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












