საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს საგანგაშოს უწოდებს.  
ბოკერიას განცხადებით, ბოლო დროს გახმაურებული დაკავებების მოტივი  არის არა სამართლიანობის აღდგენა ან კონკრეტული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ გაღიზიანება იმ ფაქტით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ოპოზიცია, არსებობს და ხმას იღებს და ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა იგებს არჩევნებს და მოდის ხელისუფლებაში, ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მეორე პოლიტიკური ძალა უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, ან არ გააკრიტიკოს გამარჯვებული ძალა და ზოგჯერ საკმაოდ მწვავედაც. ეს არის მინიმალური წითელი ხაზი, რომელიც სამწუხაროდ როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური კარიერის ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არ ესმის“ - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ის რაც პრემიერის პრესკონფერენციაზე გახმოვანდა, არის პირდაპირი მითითება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი და მოტივი არის გაღიზიანება იმის გამო, რაც მათ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან  ესმით.  „პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის კატასტროფა“- დასძინა ბოკერიამ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












