მომავალი წლის იანვრის ბოლომდე საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო-სადაზღვევო ფონდი შეიქმნება.  
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„პირველ ეტაპზე, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში შეიძლება შედარებით მცირე სადაზღვევო პაკეტი იყოს,  თუმცა ივლისის ბოლოდან,  ჩვენი დაპირებისამებრ, მოსახლეობა სრულყოფილ სადაზღვევო პაკეტს მიიღებს. იანვრის ბოლოდან კი, კიდევ ვიმეორებ, დაზღვეული იქნება საქართველოს ყველა მოქალაქე. გარდა ამისა მომავალი წლის   1 აპრილიდან  ჩვენ შევძლებთ, რომ 67 წლამდე ასაკის პენსიონერს ჰქონდეს იმდენივე პენსია, რაც 67 წელზე მაღალი ასაკის პენსიონერს აქვს, ანუ 100 ლარის ნაცვლად ისინი 125 ლარს მიიღებენ.
 
2013 წლის 1 სექტემბრიდან კი ასაკით პენსიონერების და  მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს გაუტოლდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე 1 სექტემბრიდან 100 ლარამდე გაიზრდება მარჩენალდაკარგული ბავშვების, მეორე ჯგუფის ინვალიდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა პენსიები. 
„ამასთან უკიდურესად გაჭირვებული 480 ათასი მოქალაქისთვის, 2013 წლის 1 ივლისიდან სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდება, რეგრესის პენსია კი, რომელიც გააუქმეს, ასევე 1 ივლისიდან აღდგება, იგეგმება დევნილთა შემწეობების გაორმაგებაც “ - აღნიშნა პრემიერმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












