სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე, დაგეგმილ რეფორმებზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვან საკითხებს-სისხლის სამართლის პოლიტიკას, სასამართლო სისტემას, პროკურატურის როლს და საარჩეევნო რეფრომას. ქართული მხარის განცხადებით შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო და შეთანხმდნენ აქტიურ და ქმედით თანამშრომლობაზე“ - ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ ინფორმაციაში.
თინათინ ხიდაშელმა და თედო ჯაფარიძემ შეხვედრები გამართეს აგრეთვე ადამიანის უფლებათა კომისართან. მხარეებმა ისაუბრეს ქართულ ციხეში არსებულ პრობლემებზე და საგამოძიებო პროცესებზე.  ადამიანის უფლებათა კომისარი დაინტერესდა იმ თემებით, როგორიცაა უმცირესობების პრობლემები საქართველოში, დაგეგმილი ამნისტია და პოლიტიკური პატიმრების საკითხები.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების ამ ადრეულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია სრულად იყოს ჩართული პროცესებში და საქართველომ მიიღოს სრული თანამშრომლობის პირობა.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებათა კომისარის ვიზიტი საქართველოში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












