საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში „კრეატიული ჯგუფი“ ჩამოყალიბდება, რომელიც მაკრო დონეზე განსაზღვრავს თუ რა სეგმენტზეა ინვესტირება საინტერესო საქართველოს მასშტაბით.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით „კრეატიული ჯგუფი“ შექმნის პორტფელებს და საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდს გადასცემს მას, თუმცა პრემიერის განცხადებითვე ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება.
ივანიშვილის თქმით, საინვესტიციო ფონდისა და კრეატიული ჯგუფის შექმნა არის დამატებითი ბერკეტი, რათა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის პროცესი დაჩქარდეს.
„ჩვენი რესურსებიდან, მდებარეობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში სერიოზულ ეკონომიკურ წინსვლას მოახდენს, შეიქმნება სამუშაო ადგილები, შეიქმნება სიმდიდრე, ხელისუფლებას სოციალური სოლიდარობის მეტი შესაძლებლობა ექნება და ჩვენი ძმებიც, ოსებიც და აფხაზებიც ამის შემდეგ უფრო იოლად მოიხედავენ და გაუჩნდებათ დაბრუნების სურვილი. რა თქმა უნდა ჩვენ დავიბრუნებთ ემიგრანტებსაც და რაც მეტი ხალხი იქნება საქართველოში, მით მეტი ღირებულება შეიქმნება, ეს მარტივი თეორიაა“ - განაცხადა პრემიერმა.

















