წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და ამ კუთხით ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ვინაიდან ის სტრუქტურები, რომლებსაც სამართლიანობასთან კავშირი აქვთ მეტნაკლებად ფორმირებულია.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „რედისონში“ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციაც და პროკურატურაც უკვე ხალხის სამსახურში დაბრუნდა და შეწყდა ის ძალადობრივი ქმედებები, რაც მათ მიერ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.
რას შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, თუ ადრე სასამართლო მხოლოდ ერთი კაცის ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო, დღეს იგივე სასამართლო, ფაქტიურად ცვლილებების გარეშე ფუნქციონირებს, თუმცა იუსტიციის მინისტრს იქ აქვს გარკვეული პრობლემები, საჭიროა კანონმდებლობის გადახედვაც - აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერმა მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რის მაგალითადაც მან ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნება მოიყვანა. ამაში ივანიშვილი თავის „ირიბ წვლილსაც“ ხედავს. რაც შეეხება „რუსთავი2“ -ს , პრემიერი კომენტარს მასზეც აკეთებს და აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, ამ ტელეკომპანიის შესახებ არსებული დავები. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელების პრეტენზიები სამართლიანია, თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტას პრემიერი სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციად მიიჩნევს.
ივანიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის გამოც და მიიჩნევს, რომ ის ერთ, სახელისუფლებო გუნდს ემსახურებოდა.
„მე არ ვიცი რა გზებით და როგორ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხერხდეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესის გამომხატველი. ის არ უნდა ემსახურებოდეს არცერთი ჯგუფის ინტერესებს, არც წინა ხელისუფლებისას და მით უმეტეს არც ჩვენ ინტერესებს“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით ის მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიის თავისუფლებას და თავისუფალ მედიაზე ნებისმიერ ზეწოლის ფაქტებზე, ის მედიის პირველი დამცველი იქნება.

















