თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა.
გაბუნიას განცხადებით, მან თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 2010, 2011, 2012 წლებში თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ის არასრული სახით მიიღო.
"საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჩემი მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილის ხარჯვის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების მიზნით თანხების გადარიცხვას ეხება. რამდენადაც 2010-11-12 წლებში მერის სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობა 17 მილიონ 500 000 ლარი იყო, ხოლო მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 710 ათას 374 ლარის ხარჯვას შეეხება. ჩნდება კითხვა სად დაიხარჯა 10 მილიონზე მეტი ლარი" - აცხადებს გაბუნია.
მისივე თქმით, იმის გამო რომ ფონდის თანხების ხარჯვის გეგმა არ არსებობს, მასში კონცენტრირებული თანხები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯება, რის მაგალითადაც მან 2012 წლის მაისი მოიყვანა, როცა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ ფონდში თანხები არ აღმოჩნდა, რადგან ის უკვე გახარჯული იყო. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












