საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრი ზაზა სვანაძე ამტკიცებს, რომ მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მუშაობა მძიმე პირობებში უწევს.
"პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სვანაძემ ახალგაზრდული ორგანიზაციის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
იგი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო არაადეკვატური პიროვნებები არიან შეკრებილი. ამის მაგალითად, მან ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოიყვანა.
"ეს აქცია იყო გადამწყვეტი, თუ ვინ გახდებოდა ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ერთმანეთი დახოცეს, რომელი მისცემდა ინტერვიუს "მაესტროს" და "პალიტრა ტვ"-ის", - განაცხადა სვანაძემ.
ზაზა სვანაძემ "ქართულ ოცნებაში" შექმნილ ქაოსზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს გამოყოფილი აქვთ 20 კვ.მ. ფართი, სადაც 50-მდე ახალგაზრდა მუშაობს.
სვანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლუბა ელიაშვილი და მაია ფანჯიკიძე ახალგაზრდებს აქციების მოწყობას საკუთარი ხარჯებით სთხოვდნენ.
მისი თქმით, მოძრაობიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მაია ფანჯიკიძეს სპეციალური სიები აქვს, რომელშიც იმ ადამინების სახელები წერია, რომელთაც ბიძინა ივანიშვილთან უპრობლემოდ შესვლა შეუძლია.
ზაზა სვანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდულ მოძრაობაში მაია ფანჯიკიძის მიმართ უარყოფითი განწყობაა. ბევრი მათგანი ორგანიზაციის დატოვებასაც აპირებს, თუმცა, შიშობენ, რომ საზოგადოებამ მათ ხელისუფლების აგენტობა არ დასწამოს.
ზაზა სვანაძე საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" წევრი 3 თვის განმავლობაში იყო.

















