პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი განიხილა.
კომიტეტის წევრებმა პირველ მოადგილედ ფრიდონ საყვარელიძე აირჩიეს.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა აგრეთვე „საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
პროექტის თანახმად, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში შემავალ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. სხდომაზე კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ პროექტით გათვალისწინებული კვოტების განაწილების წესი გავრცელდეს ასევე საპარლამენტო მუდმივმოქმედ დელეგაციებზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომზე, ასევე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებები მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

















