თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საქართველოს კულტურის მინისტრის გურამ ოდიაშარიას ინიციატივას გამოეხმაურა,
რომლის მიხედვითაც სამინისტრო, გადაწყვეტილებას რიყეზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდის ირგვლივ გამართული დისკუსიის შემდეგ მიიღებს.
"მინდა მივესალმო საქართველოს ახალი ხელისუფლების და მისი ფინანსთა მინისტრის ბატონი ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებას, რომელიც რიყეზე საკონცერტო დარბაზისა და თეატრის მშენებარე შენობებისათვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.
აღნიშნული შენობების მშენებლობა საქართველოს ბიუჯეტს, რომლის რესურსები ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დაცვასა და მათთვის კეთილდღეობის შექმნას უნდა მოხმარებოდა, ძალიან ძვირი უჯდებოდა. და ეს პროცესი არსებული სოციალური ფონისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინების მიუხედავად, სრულიად გაუმართლებელი სამშენებლო პროექტების სახით ხორციელდებოდა, რომელიც თავის მხრივ აზარალებს ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახეს და ლანდშაფტს" - ნათქვამია გაბუნიას განცხადებაში.
ის აგრეთვე მიესალმება კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას და მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.
გაბუნია გამოდის ინიციტივით, რომ მსგავსი დისკუსია გაიმართოს "ბუდა-ბარის" რიყეზე და კაზინო "შანგრილა"-ს საპატრიარქოს გვერდით დარჩენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც.

















