პარლამენტში დღეს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა,
სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვის ვადის სიხშირის საკითხი განიხილეს.
კანონპროექტი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვის ვადის სიხშირის ორჯერ გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში წარმოქმნილი ვაკანსიების შესავსებად არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში გაიმართება, რათა ამომრჩეველი დიდი ხნით არ დარჩეს საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლის გარეშე.
კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.
კომიტეტების სხდომაზე განიხილეს აგრეთვე ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ’’ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება გახდება.
წარმოდგენილ კანონპროექტს დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
რაც შეეხება კანონპროექტს ,,საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ’’ კომიტეტებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი ჯერ არ არის სათანადოდ მომზადებული, ამიტომ მისი განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

















