მთავრობის კანცელარიაში შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე, ძირითადად, კომისიის სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებიც ადგილებზე ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან დასაქმებულთა პრეტენზიებს დამსაქმებელთა მიმართ და აწარმოებენ დიალოგს ორივე მხარესთან.
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები შედიან და იგი 9 წევრით არის წარმოდგენილი.
კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

















