საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობას თანამშრომლობას და დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პროექტ „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
,,საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უახლეს ისტორიაში, პირველად მოხდა ხავერდოვანი და კონსტიტუციური გზით ძალაუფლების გადაცემა. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენს თავს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ ავაშენეთ დემოკრატიული სისტემა, სადაც შეიძლება აირჩიონ ახალი უმრავლესობა, ქვეყნის სათავეში კი მოვიდეს ახალი მთავრობა არა გადატრიალებით, რაიმე მანიპულაციით ან თუნდაც რევოლუციით, არამედ არჩევნების გზით, კონსტიტუციური პროცესით, საქართველოს ინსტიტუციების ფარგლებში და არა მათთან წინააღმდეგობით. ეს საოცარი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დემოკრატია სამუდამოდ დავამკვიდროთ ჩვენი ერის გენში, იმისათვის, რომ გადავლახოთ ძალადობრივი რიტორიკა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზს. ასევე იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებითეს საოცარი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვავრცოთ, ის რასაც უკვე მივაღწიეთ, რათა შეუქცევადად დავდგეთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გზაზე.
მე პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და მთავრობასაც გადავეცი გზავნილი იმის თაობაზე, რომ მზად ვარ ახალ უმრავლესობას დავეხმარო ამ გზაზე წარმატების მიღწევაში“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს შეთავაზება ახლა ისეთი მართებულია, როგორც არასდროს. სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს მიღწეული წარმატებების განვითარებას მათი განადგურების ნაცვლად.
„ვიმედოვნებ, რომ ახალი მთავრობა კონცენტრირებას მოახდენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პროგრესზე მოკლევადიანი ადგილობრივი სარგებლის ნაცვლად და შეასრულებს თავისი წარმატებული საარჩევნო კამპანიის დაპირებებს, ნაცვლად იმისა, რომ შურისძიებით იმოქმედონ’’ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

















