"ქრისტიან-დემოკრატები" ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 90-დან 15 დღემდე შემცირებას მოითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა.
"ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ საბჭოთა სივრცეშია. სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით, სომხეთმა, სადაც პატიმრობის ვადა 15 დღე იყო, უკვე გააუქმა იგი. ჩვენთან კი პირიქით მოხდა, ვადა 90 დღემდე გაიზარდა. შევარდნაძის დროს ვადაც ნაკლები იყო და ეს კანონი არც გამოიყენებოდა. მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ამოქმედდა იგი მთელი სიმძლავრით და გახდა რეპრესიული მანქანის ლეგიტიმაციის მთავარი ინსტრუმენტი", – აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორების უმეტეს ნაწილში არააადამიანური პირობებია. მან მაგალითად დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი მოიყვანა, სადაც ფანჯარა არ არის, ხოლო ლენტეხის დროებით მოთავსების იზოლატორში სასმელი წყალი არ აქვთ.

















