პარტია „თავისუფალი საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც სწავლის გადასახადის გაძვირება იგეგმება.
„გარდა იმისა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა ფართო ფენებისთვის და გადასახადის გაიაფება „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა, სწავლის საფასური საქართველოში ისედაც არაადექვატურად მაღალია. მისი კიდევ უფრო გაძვირება გამოიღებს შედეგს, როცა განათლების მიღება შეეძლებათ მხოლოდ მდიდარი ფენის წარმომადგენლებს, ხოლო ახალგაზრდების 90% ვერ შეძლებს დაწესებული თანხის გადახდას და დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მარტივი სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ყველაზე უფრო ნიჭიერი, სწავლისთვის მოტივირებული და მონდომებული ახალგაზრდები, სწორედ ღარიბი ფენიდან გამოდიან და ამ ხალხისთვის განათლების ხელმიუწვდომლობა, დაუშვებელია.
თუკი მინისტრის ლოგიკას მივყვებით, მაშინ გაუგებარია საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს მისაღები გამოცდები. გამოცდის აზრი ისაა, რომ სწავლის შესაძლებლობა მისცეს აბიტურიენტთა ნიჭიერ და უკეთ მომზადებულ ნაწილს. ხოლო თუკი საქართველო გადადის აშშ-სა და სხვა მსგავსი ტიპის ქვეყნების სისტემაზე, სადაც უმაღლესი განათლების მისაღებად ნიჭი და მონდომება კი არა ფულია მთავარი, მაშინ მისაღები გამოცდების არსებობა აზრს კარგავს და უმჯობესია პირდაპირ დაწესდეს პრინციპი - ვინც ფულს იხდის, ის სწავლობს.
საქართველოს აქვს გამოცდილება, როცა სააკაშვილის პერიოდში სწავლის საფასური რამდენიმე ეტაპად და რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა ამას არ მოჰყოლია განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ მარგველაშვილის მიდგომები უფრო ეკონომიკის მინისტრის მიდგომებს წააგავს, „რადგან განათლების სისტემისგან განსხვავებით, ეკონომიკაში უმთავრესი სწორედ ფინანსური სარგებლის ნახვაა, ხოლო განათლებისგან მიღებული დივიდენდი - განათლებული თაობა და პროფესიონალი ახალგაზრდების აღზრდა უნდა იყოს და არა სახელმწიფოსთვის თუ კერძო უნივერსიტეტებისთვის შემოსავლის გაზრდა.
მივიჩნევთ, რომ სწავლის საფასურის გაძვირების ნაცვლად, უნდა გაიზარდოს 100%-ით დაფინანსებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა. 2003 წლამდე დაახლოებით 10.000 სტუდენტი იღებდა სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებას. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე შემცირდა. ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოების მოლოდინი ამ საკითხში, სწორედ ამგვარი პრობლემების მოგვარებაა, რაც ნამდვილად გაზრდის განათლების ხელმისაწვდომობას ფართო ფენებისთვის“ - აცხადებენ პარტია „თავისუფალ საქართველოში“.

















