საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “DIE PRESS” - ის ჟურნალისტთან ინტერვიუში რუსეთისაგან იმედგაცრუებაზე საუბრობს.
მისი თქმით სამწუხაროა, რომ რუსეთი საქართველოს ნაბიჯს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით ენთუზიაზმით არ შეხვდა. „ეს სამწუხაროა. მე იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს. ჩვენ კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ“ - აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი სახალხო დიპლომატიის კონცეფციაა.
რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით კურიოზული სიტუაციაა შექმნილი. „მე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს და კანონის მიხედვით ეს საკმარისია იმისათვის რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი. მე თუ კვლავ საქართველოს მოქალაქე გავხდებოდი, ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და პრემიერობას ჩამომართმევდნენ. ასე გამოიყურება საქართველოს კონსტიტუცია. ეს სასაცილოა. ეს შეიცვლება – ისევე როგორც ბევრი სხვა რამ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

















