საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტის „facebook“-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შულცი არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობა და კონსტიტუციის პატივისცემა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანაში - გერმანიაში ყოფილ მინისტრებს არ იჭერენ. „მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან კარგი პარტნიორია რეგიონში და ქვეყანამ კარგი მუშაობის საუკეთესო მაგალითი აჩვენა.შულცმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მის რჩევებს გაითვალისწინებენ და ქვეყანა წინსვლას კვლავ გააგრძელებს“ - ნათქვამია პრეზიდენტის „facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

















