საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ისე, როგორც არასდროს, მჭიდროდაა მიბმული ევროპულ ინსტიტუტებზე.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მივაღწიეთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ახლა გვჭირდება, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი პროგრესის გზით წავიდეს.
ჩვენ უკვე მივუახლოვდით ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან. ამ მხრივ, საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. ევროკავშირთან დაახლოება არ არის პარტიული არჩევანი, ეს გზა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავლისთვის.ჩვენი დიდი სურვილია და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისკენ. ქვეყნის შიგნით უამრავი პარტიული უთანხმოებაა, შესაძლოა, ბევრი რამ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულგრილი და უგულვებელვყოთ ჩვენი ერის სურვილი, რომელსაც ევროპულ ჩარჩოებში თანამშრომლობა ჰქვია“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

















